📢 2025 წლის 1 თებერვლიდან სესნ 41.2, 42 ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევით (სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურებები) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების შემოსავალი 1%-ის ნაცვლად 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება (თუ ამ მომსახურების მიმღები არის საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი).
ამ გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია საგადასახადო ორგანოს და ბიზნესის მხრიდან რეგულაციის განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოქმნილმა პრობლემებმა.
ბოლო პერიოდში, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მომსახურებით ძალიან ხშირად ჯარიმდებიან იმის გამო, რომ საგადასახადო ორგანო კომპანიასა და მცირე მეწარმეს შორის ურთიერთობას განიხილავს დაქირავებით მუშაობად და არა მომსახურების გაწევად.
ამ მიდგომით, „მცირე მეწარმეებისთვის“ გადახდილ თანხებზე საგადასახადო ორგანო სამშენებლო კომპანიებს აკისრებს 20%-იან საშემოსავლო გადასახადს და არიცხავს საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებსაც.
საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს მკაფიო განმასხვავებელი ზღვარი დაქირავებით მუშაობასა და მომსახურების გაწევას შორის. საგადასახადო ორგანო ამის შეფასებას სუბიექტური კრიტერიუმებით ახდენს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კომპანიასა და მცირე მეწარმეს შორის ურთიერთობა სრულად აკმაყოფილებს საკანონმდებლო მოთხოვნებს (ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტი: საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის #415 დადგენილება) მაინც ხდება კომპანიის დაჯარიმება.
საგადასახადო შეღავათი, რომლის დანიშნულებაც მცირე მეწარმეების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოყვანა იყო იქცა ერთგვარ მახედ კომპანიებისთვის.
არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება რაც გამორიცხავდა რეგულაციის ორმაგ ინტერპრეტირებას.
გადაწყვეტილება მიღებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუმცა, შესაძლებელი იყო შუალედური გადაწყვეტილების მიღებაც. მაინც მისასალმებელია ეს ფაქტი, რადგან რეგულაციის ორმაგი ინტერპრეტირების გამო აღარ მოხდება კომპანიების მოულოდნელი დაჯარიმება.