შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბოლო პერიოდში დაინერგა შემდეგი ტიპის პრაქტიკა: გადამხდელის მიმართ გამოიცემა საგადასახადო შემოწმების ბრძანება და ინიშნება საგადასახადო აუდიტი. აუდიტი შესაძლოა რამოდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. როდესაც  შემოწმება დასასრულს უახლოვდება და გადამხდელი ელოდება, რომ დაიწერება საგადასახადო შემოწმების აქტი, მის ნაცვლად მოულოდნელად გამოიცემა ბრძანება საგადასახადო შემოწმების შეწყვეტის შესახებ. ამგვარი მრავალი შემთხვევა ყოფილა პრაქტიკაში.

გამოდის, რომ საგადასახადო ორგანომ სრულად შეამოწმა გადამხდელი, მისგან ამომწურავად მიიღო ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, (მათ შორის, საბუღალტრო პროგრამის ბაზები, პირველადი დოკუმენტაცია და ა.შ.) ხოლო აქტის დაწერის ნაცვლად შეწყვიტა საგადასახადო შემოწმება. ეს კი ნიშნავს, რომ ფორმალურად გადამხდელის საქმიანობა არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმებულად, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩაუტარდა სრული აუდიტი. ამ მოცემულობით საგადასახადო ორგანოს კვლავ შეუძლია ნებისმიერ დროს იმავე შესამოწმებელ პერიოდზე ახლიდან ჩანიშნოს საგადასახადო შემოწმება.

ამგვარი პრაქტიკა იწვევს გაუგებრობას და ერთგვარ გაღიზიანებასაც კი გადამხდელთა შორის. ერთია რომ საგადასახადო შემოწმება გადამხდელისთვის გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და მისი დასრულების შემდეგ გადამხდელი ელოდება საგადასახადო შემოწმების აქტს და მეორეც, საგადასახადო შემოწმების დროს არამხოლოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების დროითი რესურსი იხარჯება – არანაკლები რესურსი იხარჯება ასევე გადამხდელის მხრიდანაც.