2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი, ე.წ. „ესტონური მოდელი“. მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ სტიმულს აძლევს კომპანიებს მოახდინონ მიღებული მოგების რეინვესტირება. ახალი წესის მიხედვით რეზიდენტი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
- განაწილებული მოგება;
- გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირში არ არის;
- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
- კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
2020 წელს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა ზ) ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მოგების გადასახადით არ იბეგრება: „ზ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით“.
ამ ჩანაწერით, „ესტონურ მოდელზე“ მყოფ პირებს შორის განხორციელებული უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა არ იბეგრება მოგების გადასახადით.
2020 წლის 21 მაისს გამოიცა სიტუაციური სახელმძღვანელო #2657 „დებიტორული დავალიანების ჩამოწერა“. სიტუაციური სახელმძღვანელო განიხილავს შემთხვევას, როცა საწარმოს გააჩნია ვადადამდგარი დებიტორული დავალიანება. ერთ შემთხვევაში საწარმომ არ გამოიყენა აღსრულების სამართლებრივი მექანიზმი, რადგან გასაწევი ხარჯი აჭარბებდა მისაღებ შემოსავალს, ხოლო მეორე შემთხვევაში გამოიყენა სამართლებრივი მექანიზმი და თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ორივე შემთხვევაში საწარმომ ჩამოწერა დებიტორული დავალიანება და არ დაბეგრა მოგების გადასახადით. სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ორივე შემთხვევაში სამართალდარღვევა არ იკვეთბა.
#2657 სიტუაციურ სახელმძღვანელოში არ არის განხილული შემთხვევა, როცა საწარმომ იხელმძღვანელა სსკ-ის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ზ) ქვეპუნქტით, აღიარა წარსულში სასყიდლიანად მიწოდებული საქონელი/გაწეული მომსახურება უსასყიდლოდ და ჩამოწერა დებიტორული დავალიანება მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში მისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა დავალიანების ამოღება.
სსკ-ის 983-ე მუხლის 3-ე ნაწილის ზ) ქვეპუნქტი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გვეუბნება, რომ „ესტონურ მოდელზე“ მყოფ საწარმოებს შორის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა არ იბეგრება მოგების გადასახადით! საწარმოს არ მოეთხოვება დაასაბუთოს სხვა საწარმოსთვის საქონლის/მომსახურების/ფულადი სახსრების უსასყიდლოდ მიწოდება/გადაცემის გადაწყვეტილების მიზეზი.
სიტუაციური სახელმძღვანელო #2657 აჩენს კითხვას, ხომ არ შეიძლება საგადასახადო ორგანომ ჩათვალოს მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად შემთხვევა, როცა საწარმო ვადადამდგარ დებიტორულ დავალიანებას აკვალიფიცირებს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად ან/და ფულადი სახსრების გადაცემად და ჩამოწერს ყოველგვარი აღსრულების მექანიზმების გამოყენების და რაციონალური დასაბუთების გარეშე?