ბოლო წლებია შემოსავლების სამსახური ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომების გასაჯაროების მიზნით გამოსცემს მეთოდურ მითითებებს. მართალია მეთოდური მითითების შესრულება სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის, მაგრამ ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე მეთოდურ მითითებებში მოყვანილი მიდგომების გათვალისწინება გადასახადის გადამხდელებისთვისაც ერთგვარად სავალდებულო ხდება.

პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც რომელიმე სამეურნეო ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულყოფილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასეთები შეიძლება იყოს ფიზიკური პირებისგან შეძენებზე პირველადი დოკუმენტაციის არქონა, ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯული საწვავის დადასტურება ფინანსთა მინისტრის #230 ბრძანების შესაბამისად და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის #22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების თაობაზე“ დანართი #8 „მეთოდური მითითება კრედიტორული დავალიანების შესახებ“ განიხილავს შემთხვევებს, როდესაც არასრული დოკუმენტაციის არსებობის პირობებში, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხდება კრედიტორული დავალიანების ნაშთის თუ კრედიტორული დავალიანების სრული/ნაწილობრივი დაფარვის აღიარება საგადასახადო ორგანოს მხრიდან.

კრედიტორული დავალიანების დაფარვის/აღიარების მიზნებისთვის გამოიყენება 3 პრინციპი:

  1. კრედიტორული დავალიანების დაფარვა სააღრიცხვო დოკუმენტაციით;
  2. კრედიტორული დავალიანების დაფარვა არაპირდაპირი მეთოდით;
  3. კრედიტორული დავალიანების აღიარება/დაფარვა ექსპერტიზის დასკვნით.

ამავე მეთოდური მითითების მიდგომები და პრინციპები გამოიყენება იმ ხარჯების აღიარებისთვის, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

სააღრიცხვო დოკუმენტაციის არქონის შემთხვევეში საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმების დროს ხარჯის აღიარებისთვის გამოიყენება შემდეგი მიდგომები:

  1. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას უნდა არსებობდეს სალაროს გასავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორებისას გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  2. ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს ხარჯის გაწევის ნამდვილობა. კერძოდ, ამ ხარჯის გაწევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ფაქტიური შედეგის მიღება (მაგალითად, არმატურის ან/და აგურის შეძენის გარეშე ვერ გასწევ მშენებლობას, საწვავის გარეშე საწარმოს ბალანსზე რიცხრული ავტომობილით ვერ უზრუნველყოფ ტვირთის ტრანსპორტირებას და ა.შ.).
  3. უნდა დასტურდებოდეს ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.

ზემოთხსენებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო აღიარებს სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე ხარჯის 75%-ს. დარჩენილი 25% დაიბეგრება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.